ევროდეპუტატები "ოცნებას": ისტორიული შანსი დაკარგეთ, საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის უწყვეტი პროცესი მიმდინარეობს
ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლპარაკებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.
ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ და წერენ, რომ მიუხედავად 2023 წელს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, მმართველმა პარტიამ ისტორიული შანსი არათუ გამოიყენა, არამედ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის პროცესი წარმართა.
"საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ცნობები არჩევნების გაყალბებაზე ხალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ძირს უთხრის" - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან, ევროპარლამენტარები 28-29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ეს 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხად.
შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო და შემდეგ, 2023 წლის დეკემბერს მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. იმის ნაცვლად, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოეყენებინათ და გაწევრიანების პროცესში წინ წასულიყვნენ, საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის უწყვეტი პროცესი წარიმართა.
ვიმეორებთ, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ცნობები არჩევნების გაყალბებაზე საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ძირს უთხრის.
ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ პროევროპული ქართველების უფლებების შელახვით, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ, რათა მთავრობის გეგმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გაეპროტესტებინათ.
ჩვენ ვგმობთ მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უნდა იქნას დაცული.
ჩვენ ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ და მათ სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებას და პროდემოკრატიულ მოძრაობებს, რათა ქვეყანა ევროპული გზისკენ წაიყვანონ". - წერია განცხადებაში.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
კომენტარი