ნოდარ მელაძე: მივმართავ გენერალურ პროკურორს - დაუყოვნებლივ დაიწყეთ, კამერის ჩანაწერების ამოღება
დგამენ აბსურდის თეატრს, რომ თითქოს გამოძიება მიმდინარეობს! - განცხადება ამის შესახებ ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ ინგოროყვას კლინიკასთან განაცხადა, სადაც კარლო კაციტაძის უწყების თანამშრომლები მივიდნენ.
"შაბათის ეთერის" ავტორი და წამყვანი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ ამოიღონ ქუჩის მაღალი გარჩევადობის კამერები, სადაც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება მარტივად იქნება შესაძლებელი.
როგორც მელაძემ თქვა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გამოკვლევაზე მყოფ მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულის გამოსაკითხად მოვიდა, მაშინ როცა შემთხვევის ადგილზე, ბესიკის 4 ნომერში, რომლის გარე კამერებმა თავდამსხმელების გადაადგილება დააფიქსირეს, გამომძიებლები არ გამოჩენილან. ისინი არც კონსერვატორიაში მისულან, სადაც, დამონტაჟებულმა გარე კამერებმა, სავარაუდოდ მოძალადეები ნიღბის გარეშე დააფიქსირეს.
ჟურნალისტის თქმით, გამომძიებელი ახლა შემთხვევის ადგილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებას უნდა ახდენდნენ.
ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს აქვს გონივრული ეჭვი, რომ ახლა კონკრეტული პირები სერვერებიდან დანაშაულის ამსახველი კადრების წაშლით არიან დაკავებულები.
გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე არ არიან და მოვიდნენ კლინიკაში, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული ჩვენებას ყოველთვის მისცემენ. პირველ რიგში კადრები უნდა ამოიღონ, რომ ეს ადამიანები დააიდენთიფიცირონ. ფინალი იცით რა იქნება? - "ვერ დავადგინეთ თავდამსხმელთა ვინაობაო".
რატომ იცით? - გაზაფხულის აქციებზე, ტელეკომპანია "პირველში" ჩასაფრება რომ მოგვიწყვეს, მაშინ საგამოძიებო სამსახური მოვიდა, კამერის ჩანაწერები ჩემი ხელით ამოვიღე, სადაც ავტომობილების გადაადგილება და იდენტიფიცირება კარგად შეიძლებოდა, გავატანე, გამოძიებამ ის დაადგინა, რომ ვერაფერი დაადგინა.
პოლიცია და საგამოძიებო სამსახური, არ იღებს კამერის ჩანაწერებს რომ არ მოახდინოს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. ახლა კამერის ჩანაწერები არის ყველა წერტილში რომელიც დამონტაჟებული არის იქ - მილიონი კაფეა, ამ ადამიანების გადაადგილების ტრაექტორია უნდა დგინდებოდეს ახლა. ეს ადამიანები ისევ იქ დათარეშობენ ახლაც,ისევ ადამიანების უსწორდებიან, სპეციალურად არ იღებენ ამ ჩანაწერებს, რომ არაფერი დაადგინონ.
კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომელიც საპროცესო ზედამხედველობას ახდენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე - ბატონო გაბიტაშვილო, დაუყოვნებლივ დაიწყეთ, კამერის ჩანაწერების ამოღება, მერე არ თქვათ, რომ კამერის ჩანაწერები არ არსებობდა. ეს ჩანაწერები არის, უბრალოდ თქვენ არ იღებთ, ელოდებით, როდის მოხდება მისი განადგურება", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.
კომენტარი