სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და პაპუაშვილს - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა
444 მომხრე 72 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის სანქცირების მოთხოვნა ძალაში რჩება.
დოკუმენტში, რომელზეც ხუთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა, წერია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის გამო საჭიროა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეები შავ სიაში შეიყვანონ.
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რაც ასევე გავრცელდება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამომტან მოსამართლეებზე; კვლავ მოვუწოდებთ საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პირადი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილზე და მთელი მისი აქტივების გაყინვისკენ ევროკავშირის ფარგლებში, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო...
მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან", - წერია დოკუმენტში.
რეზოლუციაში, სახელწოდებით "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ", არსებობს ჩანაწერი, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის სტრუქტურებს, არ აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ თავისუფალ გარემოში ჩატარებას ითხოვს.
საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი; არჩევნების აღიარებაზე უარის თქმასთან ერთად, მოვუწოდებთ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ - გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი 1 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ევროპარლამენტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ევროკომისიამ და ევროსაბჭომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის პოლიტიკას გადახედოს.
ხაზს ვუსვამთ, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის და მოვუწოდებთ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო სტატუსს, მისი შესაძლო შეჩერებით, თუ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ შეუსრულებლად ჩაითვლება", - წერია დოკუმენტში.
ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ ევროდეპუტატები საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს შეისწავლის, მიესალმებიან.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ჯოზეფ ბორელის ინიციატივას, გაუყინონ საქართველოს მთავრობას 120 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება და თანხები კრიტიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას მიემართოს.
მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა; მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ; მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას ამის შესახებ", - წერია დოკუმენტში.
ევროპარლამენტში დამტკიცებული დოკუმენტი, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ევროკომისიას და ევროსაბჭოს გადაეცემა და სწორედ მათი შესასრულებელი იქნება რეზოლუციაში გაწერილი მოთხოვნები.
კომენტარი